მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სუს-ის ყოფილი თანამშრომლის დაკითხვის შესახებ. ასევე, უარი უთხრა მათი სატელევიზიო ინტერვიუების მტკიცებულებად დაშვების შუამდგომლობას.

საუბარია 12 მარტს, რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ინტერვიუზე, სადაც კობახიძე ამბობს, რომ მელიას დაპატიმრებაზე ყოფილ პრემიემინისტრ გიორგი გახარიასა და გუნდს შორის პოზიციები 17 თებერვლის 5 საათამდე იდენტური იყო, თუმცა 5 საათის შემდეგ გახარიამ პოზიცია "უცბად შეიცვალა".

"ცალსახა გახდა ის, რომ ქართული ოცნების პარტიის ხელმძღვანელს, საქართველოს პრემიერმინისტრს წინასწარ ჰქონდა ნიკა მელიას საქმეზე მიღებული სასამართლოს დაპატიმრების გადაწყვეტილება. ერთადერთი, მათ შორის, მსჯელობდნენ იმაზე, იმავე დღეს უნდა მომხდარიყო სამომავლოდ, რამდენიმე საათის შემდეგ გაჟღერებული გადაწყვეტილების აღსრულება თუ ორი დღის შემდეგ. ესეც ცალსახად დაადასტურა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერში.

ფაქტობრივად, ირაკლი კობახიძემ პირდაპირ ეთერშია აღიარა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში", — განაცხადა ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო სხდომაზე.

რაც შეეხება სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუს, საუბარია მთავარი არხის ეთერში გასულ ინტერვიუებზე, სადაც ის ამბობს, რომ დაავალეს 20 ივნისის ღამეს გადაღებული ვიდეოჩანაწერების განადგურება.

"მოგეხსენებათ, ეს არის ის ჩანაწერები ბატონო მოსამართლევ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე. აქ საუბარია ნიკა მელიას შეთითხნილ ბრალდებაზე, რომ მან დააორგანიზა ჯგუფები, რასაც მოყვა ძალადობა, ესკალაცია და დაზიანება მიიღეს ადამიანებმა. აღნიშნულ ვიდეოკამერებში ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდებოდა შემდეგი რამ, როგორ მოხდა კონფლიქტის ესკალაცია და ვის მიერ მოხდა ბრძანების გაცემა", — განაცხადა მელიას ავდვოკატმა.

21 მარტს მთავარ არხთან ინტერვიუში, სავარაუდოდ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ყვება, როგორ დაავალეს 20 ივნისის აქციის ტექნიკური აღჭურვილობის დაზიანება და გამომსვლელების ხმის ჩახშობა, რათა რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს ვერ გაეგოთ ორგანიზატორების განცხადებები. იგი ასევე ყვება, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახაბერ საბანაძის დავალებით, როგორ გაანადგურა 20 ივნისის ღამის ჩანაწერები.

ინტერვიუ მთავარმა არხმა მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც TV პირველმა შს მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ამ სიუჟეტშიც იგივე პირი ფიგურირებდა.