ცოტას თუ შეუქმნია ისეთი საკულტო პერსონაჟი, როგორიც კერი-ენ მოსის მიერ კამერების წინ გაცოცხლებული ტრინიტია. ამის მიუხედავად, ჰოლივუდისა და კინოინდუსტრიის წესები მისნაირი წარმატებული მსახიობის მიმართაც კი დაუნდობელი აღმოჩნდა.

ახალ ინტერვიუში Matrix-ისა და Memento-ს ვარსკვლავმა იმ სილამაზის სტანდარტებსა და ეიჯიზმის პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ქალებს სრულიად უთანასწორო და შეუსაბამო გარემოს უქმნის კარიერული განვითარების მხრივაც.

"ზუსტად ჩემი მეორმოცე დაბადების დღიდან მეორე დღეს ვკითხულობდი სცენარს, რომელიც გამომიგზავნეს და ამასთან დაკავშირებით პირად მენეჯერს ვესაუბრებოდი, რა დროსაც უცებ მითხრა: 'არა, არა, არა, ეს საშენო როლი არ არის, ეს ბებიის პერსონაჟზეა", — გაიხსენა მსახიობმა.

კერი-ენ მოსმა იმ სექსისტურ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა, რომელიც კაც მსახიობებს ასაკის მატების მიუხედავად გაცილებით ნაკლებ დაბრკოლებას უქმნის, ვიდრე – ქალებს.

"შეიძლება, ვაზვიადებ, მაგრამ ეს მართლა ერთ ღამეში მოხდა: გოგოდან დედად ვიქეცი და უფრო შორსაც წავედი. ერთი ჩვეულებრივი ამბავია, როცა გაცილებით უფრო ასაკოვან კაცებთან გიწევს მუშაობა და ხალხი კაცების დაბერებას მიესალმება კიდეც, როცა მე მათზე გაცილებით ახალგაზრდა ვარ", — აღნიშნა მსახიობმა.

კერი-ენ მოსი კრისტოფერ ნოლანის ფილმში Memento.

ფოტო: Newmarket

შეგახსენებთ, რომ კერი-ენ მოსი მატრიცის მეოთხე ფილმში თავის ლეგენდარულ როლს უბრუნდება და კიდევ ერთხელ ვიხილავთ მას კიანუ რივზთან ერთად. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამ საკულტო ფრენჩაიზის ახალი ნაწილი ლანა ვაჩოვსკიმ გადაიღო და მისი პრემიერა 2021 წლის ბოლომდე შედგება.