უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას მეტი სჭირდება, ვიდრე სიტყვები. ამის შესახებ ის უკრაინის კონფლიქტურ რეგიონში ყოფნის დროს CNN-ს ესაუბრა.

კითხვაზე, NATO-ს MAP-ის ქონა ხომ არ გააღიზიანებდა უფრო რუსეთს, ის აცხადებს, რომ ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მთავარია, რომ უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა და მან უნდა გადაწყვიტოს სად იქნება და სად — არა.

"უკრაინას მეტი სჭირდება, ვიდრე სიტყვები. [შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ რა ხდება ახლა? რა მოისმინე? რას აკეთებენ ჩვენი მოქალაქეები აქ? ისინი იბრძვიან. ამიტომ, რა მოხდება მომავალში, მე არ ვიცი. მაგრამ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი ქვეყანა და გადავწყვეტთ, სად უნდა ვიყოთ და სად არა.

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი თუ უკრაინაში შესაჭრელად ემზადება, "ისინიც მზად დახვდებიან".

"2014 წლიდან ჩვენ ვიცით, რომ ეს [რუსეთის შემოჭრა] შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დღეს. ისინი მზად არიან. მაგრამ ჩვენც მზად ვართ, რადგან ჩვენ ვართ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე", — განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ჟურნალისტმა სიუჟეტის მიმდინარეობისას აღნიშნა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის "კარგი მეგობარია", მაგრამ ბაიდენმა "მეტი უნდა გააკეთოს" რუსეთის შეკავებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტი გამოსავალს საერთო უსაფრთხოების სისტემაში ხედავს — თუკი ის იქნება NATO-ს წევრი, რუსეთს აგრესიის ნაკლები ბერკეტი დარჩება.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარსალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის. ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი ტარანს დაუდასტურა მხარდაჭერა და დაგმო რუსული პროვოკაცია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ესკალაციის შემთხვევაში აშშ უკრაინას არ მიატოვებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 აპრილს რუსეთის კონტროლირებადმა ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ათჯერ დაარღვიეს, რა დროსაც, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

მედიის ცნობით, უკრაინული პოზიციების მიმართულებით ნაღმმტყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს, რაც მინსკის შეთახმმების თანახმად აკრალული იყო. უკრაიუნული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

გარდა ამისა, შვედმა დიპლომატმა, კარლ ბილდტიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსეთი უკრაინისკენ სამხედრო ძალების გადაადგილებას აგრძლებეს. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა.