მსოფლიო ონკოსტატისტიკის თანახმად, რამდენიმე ათეულ წელიწადში კიბოთი ავადობის 70% საშუალო და ხნიერი ასაკის ადამიანებზე მოვა.

საქართველოს მონაცემები, ამ მხრივ, ემთხვევა საერთაშორისო სტატისტიკას. შუახნისა და მოხუცებულთა ასაკის პაციენტებში სიმსივნის განვითარების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ახალგაზრდებში. ამასთანავე, მნიშვნელობა ენიჭება, კონკრეტულად რომელ სიმსივნურ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მაგალითად, ამ სტატისტიკაში ხვდება ფილტვის ან კუჭ-ნწლავის კიბო, თუმცა განსხვავებული სურათი იკვეთება ძუძუს კიბოს შემთხვევაში.

ასაკთან დაკავშირებული სიმსივნის შესახებ აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგი ნანა ოთხოზორია საუბრობს, რომელმაც ქალებსა და მამაკაცებში განვითარებული ონკოპათოლოგიები და ისეთი საყურადღებო დეტალები განიხილა, როგორიცაა, მაგალითად, ფერტილობის შენარჩუნება მკურნალობის შემდეგ.

"თუ სიმსივნის გავრცელებას ასაკობრივ კატეგორიებად დავყოფთ, უნდა აღინიშნოს, რომ ონკოდაავადებები და ახალგაზრდა ასაკი დღემდე შესწავლის საგანია. ამის გამო, დიდი მნიშვნელობა დაავადების გავრცელებასა და მის მკურნალობას ენიჭება, რაც, ამ მკურნალობის შესაბამის გვერდით ეფექტებთანაა დაკავშირებული და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში.

ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის სტატისტიკას ე.წ. "სიმსივნის გაახალგაზრდავებას" ვერ დავარქმევთ, თუმცა არის კონკრეტული ნაზოლოგიები, რომლებიც ადრეულ ასაკში ვლინდება. ამის მრავალი განსხვავებული ფაქტორი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი საფუძველი გენეტიკური წინასწარგანწყობაა.

იმისათვის, რომ აღნიშნული მზარდი სტატისტიკური მონაცემები შევცვალოთ, ადრეული დიაგნოსტიკა და სკრინინგია საჭირო, რაც ადრეულ გამოჯანმრთელებასა და მაქსიმალურად ეფექტიან მკურნალობასაც გულისხმობს", — განმარტა ნანა ოთხზორიამ.

ქალების შემთხვევაში გავრცელებით პირველ ადგილს ძუძუს კიბო იკავებს, თუმცა ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკობრივ დიაპაზონში ვარირებს; თუ ნაკლები პროცენტულობით გვხვდება 18-29 წლის ასაკის ადამიანებში, მსოფლიო სტატისტიკით, დაავადებულთა 36% 30-44 წლის პაციენტები არიან.

რაც შეეხება მამაკაცებს, საწყის პოზიციას ფილტვის კიბო იკავებს, ორივე ნოზოლოგიის შემთხვევაში შესაძლებელია სკრინინგი. 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კი, ძუძუს ექოსკოპიასა და მამოლოგის მიერ გასინჯვას, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. სკრინინგი ფილტვის კიბოს აღმოჩენისთვის აქტიურად მწეველ 45 წლის ზემოთ კაცებში ტარდება გულმკერდის დაბალი დოზის კტ კვლევას ითვალისწინებს.

ასაკთან ერთად ონკოლოგიური ავადობის მაჩვენებელი იზრდება. აღსანიშნავია, რომ 75 წლის ასაკს ზემოთ პაციენტები ონკოდაავადებულების ერთ მესამედს წარმოადგენენ. აღნიშნულ მაჩვენებელს განაპირობებს სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობა, მაგალითად გენომური არასტაბილურობა, იმუნოსუპრესია, გარემოს მავნე და ეპიგენეტიკური ფაქტორები და ა.შ.

"როდესაც ვსაუბრობთ ასაკზე, უნდა გავითვალისწინოთ ქრონოლოგიური და ფუნქციური.

მოხუცებული ასაკი ეს არის სუბიექტური კულტური ცნება, რომლის დეფინიცია ვარირებს ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70 წელია. ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში 60-65. ქრონოლოგიური და ფუნქციური ასაკი შეიძლება ძლიერად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

გერიატრიულ ონკოლოგიაში სწორედ ფუნქციური ასაკი განსაზღვრას მკურნალობასთან დაკავშირებულ დეტალებს. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს მოხუცებულთა ასაკში პაციენტის კომპლექსურად, მრავალი მონაცემებით შეფასება და მკურნალობის სწორი ტაქტიკის დაგეგმვა.

ევროპის ონკოლოგთა სკოლას აქვს ძალიან კარგი კამპანია, რომელიც ამაღლებს მოსახლეობის ცნობიერებას ამ მიმართულებით და ამბობს, რომ ყველა ახალგაზრდა არ არის ჯანმრთელი და ყველა მოხუცი არ არის ავადმყოფი. ეს ყოველივე უნდა ემსახურებოდეს ცნობიერების ამაღლებას და როგორც დამოუკიდებელი ფაქტორი არ უნდა გამოიყენებოდეს მკურნალობის მენეჯმენტისათვის", — აღნიშნა თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგმა ნანა ოთხზორიამ.

ახალგაზრდა ასაკში ონკოლოგიური პაციენტების უმეტესობას, მკურნალობის შემდგომ, შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება სურს. სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის სხვადასხვა მეთოდები როგორიცაა მაგ: ქირურგიული მკურნალობა, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, ჰორმონოთერაპია ახალგაზრდა ქალებში ხელოვურად იწვევენ ნაადრევ მენოპაუზას, ხოლო მამაკაცებში სპერმატოგენეზის დარღვევას.

მხოლოდ 2018 წელს მსოფლიოს მაშტაბით ქალბატონებში 8.6 მილიონი ონკოლოგიური დიაგნოზიდან 10% ზე მეტი 40 წლამდე ასაკში დაისვა. ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობის წყალობით ახალგაზრდა ასაკში საერთო გადარჩენადობის მაჩვენებლები ზოგიერთი ლოკალიზაციის სიმსივნური დაავადებების დროს უმჯობესდება. ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ფერტილობის შენარჩუნებისადმი, თუმცა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში იძულებულები ვხვდებით არჩევანი პაციენტის ჯანმრთელობის შენარჩუნების სასარგებლოდ გავაკეთოთ.

"ახალგაზრდა ქალბატონების საკვერცხეები მეტად მდგრადია ციტოსტატიკური მედიკამენტების აგრესიული ზემოქმედების მიმართ, ამის გამო ქიმიოთერაპიის შემდეგ უნაყოფობის მაჩვენებელი მხოლოდ 30%-ს შეადგენს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი იზრდება შუა ხნის ასაკში.

მამაკაცების 20-50% კომბინირებული მკურნალობის დასრულებიდან 2-3 წელიწადში აღუდგება სპერმატოგენეზის მაჩვენებლები. როგორც წესი ეს პროცესი შექცევადია და აღდგენისთვის საშუალოდ სწორედ ზემოთ აღნიშნულ პერიოდს საჭიროებს

ხშირად ქალბატონებში ფერტილობის ფუნქციის აღდგენის პერიოდად 1-დან 3 წლამდე მოვიაზრებთ, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომლის დროსაც ზუსტად ვიცით, რომ ამ შედეგს არ უნდა ველოდეთ. მამაკაცებში კი პროცესის შექცევადობის პროცენტულობა ბევრად მაღალია", - აღნიშნა ნანა ოთხზორიამ.

ონკოფერტილობა შედარებით ინოვაციური კონცეფციაა და ფერტილობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე მომუშავე ექსპერტთა გუნდს მოიცავს, თუმცა დღემდე ყველაზე ეფექტურ საშუალებად ონკოლოგიაში ემბრიო და/ან ოოციტების კრიოკონსერვაცია რჩება. თუმცა არსებობს შედარებით ახალი, ექსპერიმენტალური მეთოდები, როგორიცაა საკვერცხის ქსოვილის კრიოკონსერვაცია, ხელოვნური საკვერცხის ინ.ვიტრო მომწიფება. თუმცა ონკოლოგის პრეროგატივაა ძირითათად შეეხოს ქიმიოთერაპიისგან გამოწვეულ ტოქსიურობას და საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

"თოდუას კლინიკის ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური განყოფილების მუშაობის პრინციპია, რომ კიბო განაჩენი არ არის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაავადების ადრეული გამოვლინების ეფექტურობასს, რაც, საბოლოოდ, სტატისტიკას პაციენტების სასარგებლოდ ცვლის.

როგორც წესი, აბსოლუტურად ვუწყობთ ფეხს იმ თანამედროვე სტანდარტებს, პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, რომლებიც მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის არსებობს და რასაც ამერიკისა თუ ევროპის ონკოლოგთა ასოციაცია ნერგავს.

ჩვენს კლინიკაში თითოეული პაციენტის შემთხვევა კონსილიუმზე ირჩევა, რომლის დროსაც ყველა ექიმი საკუთარ აზრს გამოთქვამს მკურნალობის მეთოდის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ბოლოს კი, მკურნალობის ნებისმიერი სახე, იქნება ეს იმუნო, ქიმიო თუ თარგეთ თერაპიები, აბსოლუტურად თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით წარიმართება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გართულებებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მიწოდება ინდივიდუალურად, ექიმსა და პაციენტს შორის ხდება და სწორედ ასე ირჩევა მისთვის ყველაზე ეფექტიანი მკურნალობის მეთოდი.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კამპანია, რომლის ლოზუნგია - "მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით!"

თანამედროვე მეთოდებთან ერთად, ფსიქოსოციალური მხარდაჭერაც საჭიროა, რომელსაც ავადმყოფობის დამარცხებამდე მივყავართ", — განმარტა ფრიდონ თოდუას კლინიკის ონკოლოგმა.

ნებისმიერ ასაკში, ონკოლოგიური დაავადებების დამარცხებისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიონალური მკურნალობის მეთოდები, ინდივიდუალური მიდგომა, ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი, თანამედროვე და ეფექტური მკურნალობის კურსის გავლა.

ყველანაირი გართულების, მათ შორის ფერტილობის საკითხი, მკურნალმა ექიმმა ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და დაგეგმოს შესაბამისი ნაბიჯები პაციენტის დიაგნოზის, ასაკის, სტადიის, სქესის, ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობისა და მკურნალობის სქემიდან გამომდინარე.