სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაზრდილია, ხოლო იმპორტის — შემცირებული.

საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში უცხოეთში 821,1 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი და მოსახურება გავყიდეთ, რაც 5,3%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-მარტში საქართველოში 1,9 მილიარდი დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა, რაც 2,4%-იანი კლებაა.

სტატისტიკის მიხედვით, 0,3%-ით არის შემცირებული საგარეო სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტისა და იმპორტის ჯამი) და 2,8 მილიარდ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს (ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა), ის სავაჭრო ბრუნვის 40,8%-ს შეადგენს და 1,1 მილიარდი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ მარტში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები, რაც შესაძლებელია იმითაც იყოს გამოწვეული, რომ საქართველოს ეკონომიკამ ერთ-ერთი პირველი დარტყმა სწორედ 2020 წლის მარტში მიიღო. რაც შეეხება სტატისტიკას, გასულ თვეში, 2020-ის მარტთან შედარებით, ექსპორტი (326,3 მილიონი დოლარი) 30,8%-ით, ხოლო იმპორტი (767,9 მილიონი დოლარი) 17,8%-ით გაიზარდა.