გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში ლელოს პოლიტსაბჭოს წევრი, საბა ბუაძე შეურაცხმყოფელად მოიხსენია და მას იდიოტი უწოდა.

"საბა ბუაძე მგონია იდიოტი, მართლა. ეს როდესღაც უნდა მეთქვა. ვერ მოვისვენებდი რომ არ მეთქვა. მოდი, ერთხელ აი, ამ დიდ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ავიღებ. რასაც საბა ბუაძე და ლელო აკეთებს, საბა ბუაძის ფორმით, ეს არის შეუთავსებელი ნორმალურ პოლიტიკასთან. კლოუნადაა, ჩემი აზრით. არასდროს ამ ადამიანის განცხადებებს არ ჰქონია სერიოზული შინაარსი და მე მზად ვარ, თუ საჭიროა და თუ ვცდები და ეს ასე არ არის, საბასთან დავჯდე, საათობით ვისაუბრო და თუ ეს ასე არ აღმოჩნდა, ბოდიში მოვიხადო, მაგრამ მგონია, რომ საბა ბუაძეობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს ისევე, როგორც თაკო ჩარკვიანობა, შალვა ნათელაშვილობა და ასე შემდეგ. ასეთი პოლიტიკოსობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. იმიტომ რომ, ეს არის კლოუნადის აპოთეოზი", — განაცხადა მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

მეგრელიშვილმა ბუაძე მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც წამყვანმა მეგრელიშვილს გირჩზე ნათქვამი ციტატა წაუკითხა, სადაც ის ამბობს. "მეეჭვება გირჩის გეგმას ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს. ჯიმ ქერის ფილმებს სიცილის გარეშე რომ ვერ შეხედავ, ასევე, მათ კომენტარებს სერიოზულად ვერ აღიქვამ".