ბათუმის ბულვარის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებაზე ინფორმაცია აჭარის ტელევიიზიდან გაიგო. On.ge ამ დრომდე ცდილობს აჭარის მთავრობაში ჯინჭარაძის თანამდებობიდან მოხსნაზე ინფორმაციის დადასტურებას. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ბათუმის ბულვარის დირექტორმა On.ge-სთან განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება საკრებულოში მის გამოსვლას უკავშირდება. მისი თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზად სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში დარღვევებს ასახელებენ, რაზეც ის ამბობს, რომ ადგილი მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას ჰქონდა. ჯინჭარაძე აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის საფუძველი, რის გამოც ის თანამდებობიდან მოხსნეს.

"აჭარის ტელევიზიით გავიგე ეს ამბავი. აუდიტის ანგარიშში ჩვეულებრივ ტექნიკურ შეცდომაზეა საუბარი. ეს არის საკრებულოში ჩემი გამოსვლის შედეგი, რაც ვერ მაპატიეს.

რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ. ქალაქს სჭირდება გადარჩენა. არც ოპოზიციაში ვაპირებ წასვლას და არც პოლიტიკაში", — განაცხადა ჯინჭარაძემ On.ge-სთან.

ბათუმის ბულვარის დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ 30 მარტს განაცხადა, რომ წინააღმდეგია ზღვის სანაპირო კერძო საკუთრებაში გადავიდეს. მისი თქმით, ბულვარის არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მისივე თქმით, ბულვარის განაშენიანების დოკუმენტი აწესრიგებს მშენებლობებს და ეს დოკუმენტი იქნება ყველასთვის, "დახვეწილი და მოქნილი".

"მე წინააღმდეგი ვარ პლაჟების გადაცემის კერძო საკუთრებაში. პრაქტიკიდან გამომდინარე არც ერთმა მოგვიტანა შედეგი. ცუდი [შედეგი მოგვიტანა]. ვხედავთ რომ შუაგულ ძეგლში, ძველ ტერიტორიაზე აუზია შემოღობილი, უნდა ალიანსს ასევე პლაჟი მერიოტისათვის და უნდა სხვადასხვა კომპანიას.

ხვალ ჩვენ მოვალთ ისე, რომ ვერავინ ვერ შევალთ თუ არ გადავიხდით 50 და 100 ლარს. ეს შეუძლებელია. ბულვარი არის საჯარო სივრცე, ქვეყნის მთავარი საჯარო სივრცე და არა მარტო ქალაქის", — ამბობს ჯინჭარაძე.

ბათუმის საკრებულოში ბათუმი თაუერისთვის ზღვის პირას 3 380მ2 მიწის ნაკვეთის 15 წლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას განიხილავენ. აღნიშნულ საკითხთა დაკავშირებით დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურდათ მოქალაქეებს, რომლებიც ღია სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ. თუმცა თავდაპირვლად მათ ამის საშუალება არ მისცეს, რაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც სამი მოქალაქე დარბაზში შეუშვეს. მათ ბულვარის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თავიანთი უკმაყოფილება გამოთქვეს. ამჟამად კვლავ შესვენებაა გამოცხადებული.