ღია საზოგადოების ფონდში აცხადებენ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღებისას, არ ყოფილა გათვალისწინებული ეკოლოგიასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან, პროექტის სოციალურ სარგებლიანობასთან დაკავშირებული წუხილები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები. მათივე თქმით, არ გაბათილებულა პროექტის უსაფრთხოებასა და ხარვეზიან კვლევებთან დაკავშირებული სამეცნიერო არგუმენტები, რამაც, ადგილობრივების სამართლიანი პროტესტი ლოგიკურად წარმოშვა.

როგორც ღია საზოგადოების ფონდში აღნიშნავენ, ამ პროტესტის ძალადობრივად შეჩერების მცდელობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, მიანიშნებს, რომ სახელმწიფომ მის ფუნქციასა და როლს გადაუხვია, პოლიტიკური, თუ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღებისას, იხელმძღვანელოს და შებოჭილ იქნას საჯარო ინტერესით.

"მივიჩნევთ, რომ გაუგებარი და დაუსაბუთებელია, სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, "ბლოკპოსტების" მოწყობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ამას გარდა, პოლიციამ აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაუშალა კარვები, სადაც 169 დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტი. აღნიშნულის გასამართლებლად შსს-ს მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, ვერ აკმაყოფილებს, უფლებაში ჩარევისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების სტანდარტებით დადგენილ საბაზისო მოთხოვნებს", — წერია ღია საზოგადოების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს მოქალაქეების კანონით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა და არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ; ხოლო საქართველოს მთავრობამ, აიღოს რეალური პასუხისმგებლობა და ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესი გამჭვირვალედ, ეფექტიანად, ხეობის მოსახლეობის ინტერესების სრული დაცვით წარმართოს.