სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე აცხადებს, რომ სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით უნდა უპასუხოს.

"4 დღის წინ რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს შევხვდი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური შეკითხვები სახელმწიფოსთან, ითხოვდნენ დიალოგს და ემხრობოდნენ პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად საპოლიციო ძალისმიერი გზა აირჩია, რაც ადგილზეც ვთქვი და მომავალიც დაადასტურებს, რომ არა პრობლემის მოგვარების, არამედ გამწვავების გზაა და რაც ასევე სისტემატიურად იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით. შესაბამისად, კვლავ გავიმეორებ, რომ:

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგისა და დისკუსიის ფორმატი და დრო;
  • დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არ იქნება გაცემული კვალიფიციური, არგუმენტირებული პასუხი;
  • დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული;
  • პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია;
  • ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მზაობა (სახელმწიფო, კომპანია, პროტესტის მონაწილეები) მედია დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის თაობაზე.

დაძაბულობა იყო დღეს გუმათში. პოლიცია ადგილობრივ მოსახლოებას გუმათიდან ნამახვანისკენ არ უშვებს, რასაც ადგილობრივებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ერთ-ერთმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა მსვლელობის დაწყებამდე მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ხელებაწეული უნდა დაძრულიყვნენ და წინააღმდეგობა არ გაეწიათ. მან პოლიციას მოუწოდა, ადგილზე უპრობლემოდ შეეშვათ.