შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში პროტესტის ძალადობრივი სცენარით განვითარებას არ დაუშვებენ. მათივე თქმით, უწყება სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე მკაცრ რეაგირებას მოახდენს. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს არ გასცდნენ და პოლიციის მოთხოვნებს დაემორჩილონ.

"შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

უწყება არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს", — აცხადებენ შსს-ში.

დაძაბულობა იყო დღეს გუმათში. პოლიცია ადგილობრივ მოსახლოებას გუმათიდან ნამახვანისკენ არ უშვებს, რასაც ადგილობრივებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ერთ-ერთმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა მსვლელობის დაწყებამდე მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ხელებაწეული უნდა დაძრულიყვნენ და წინააღმდეგობა არ გაეწიათ. მან პოლიციას მოუწოდა, ადგილზე უპრობლემოდ შეეშვათ.

ვარლამ გოლეთიანმა მოუწოდა აქტივისტებს, რომ დაბრუნებულიყვნენ კარვებისკენ. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ისინი პროტესტს ქუთაისში, ენკას ოფისთან გააგრძელებენ.