დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოადგილე, პაატა იმნაძე აფხაზეთიდან გადმომსვლელებისათვის დაწესებულ 5-დღიან კარანტინზე ამბობს, რომ ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები და გასულ წელს ქვემო ქართლსა და სვანეთშიც იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა.

"ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, როდესაც იქ სიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე დანარჩენ ტერიტორიაზე ქვეყნის, იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა სვანეთში შარშან ზაფხულს, როდესაც სვანეთში სიტუაცია განსხვავდებოდა და იქედან გამოსვლაზე დაწესებული იყო კარანტინი. სხვათა შორის არა მინიმალური 5-დღიანი, არამედ გაცილებით მეტი. ახლაც მიმდინარეობს რისკების შეფასება, იმის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები, ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები", — აცხადებს იმნაძე.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. შავი გზებით გადმოსვლის მცდელობას 7 აპრილს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია და წელიწადზე მეტია ადგილობრივებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ. გზა საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა.

ენგურის ხიდი, რომელიც გალელებისთვის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ, რამდენიმე დღით, ცალმხრივად გაიხსნა. აფხაზურმა მხარემ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ან სხვა მიზნით იმყოფებოდნენ, გზა ჰუმანიტარული მიზნით გახსნა, რათა მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

ხიდი, ასევე, გაიხსნა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე იმ პირებისთვის, რომლებიც პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს იღებდნენ. მათ ენგურის ხიდამდე მისვლა მხოლოდ ამ დახმარებების ასაღებად შეეძლოთ. სხვაგან გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.

გადაადგილება შეეძლოთ, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. თუმცა, იგივე შეღავათი არ მოქმედებდა და დღემდე არ მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც ქრონიკული ან სხვა დაავადებები აწუხებთ.

აფსნიპრესის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფატქო ხელისუფლებამ 2021 წლის იანვრიდან პირველ აპრილამდე გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, მას დღეში 2 580-მდე ადამიანი კვეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ერთ წელზე მეტია დაახლოებით ამდენივე ადამიანს ყოფითი პრობლემები ყოველდღიურად ექმნება.

გაიგეთ მეტი: