ალბათ ყველას გვქონია ისეთი ცხოვრებისეული ეპიზოდი, როცა ფეხი ფეხზე გადავიდეთ და ანაზდად გავიფიქრეთ, რა იქნებოდა, ვინმეს შეშლოდა და მილიონი ჩაერიცხა ჩვენს საბანკო ანგარიშზე.

ასეთი სანუკვარი ნატვრა აუხდა 33 წლის ამერიკელ კელინ სპადონის, რომელიც ფინანსურმა კომპანია Charles Schwab-მა შეცდომით ჩარიცხული $1,2 მილიონით მოულოდნელად გაამდიდრა.

თუმცა, მილიონერის სახელი სპადონის დიდხანს არ შერჩენია — 911-ის უკვე ყოფილი თანამშრომელი გასულ კვირას დააკავეს სხვისი ფინანსების უკანონო მითვისებისათვის.

ადგილობრივი მედიაგამოცემების ცნობით, ქალს ფინანსური კომპანიიდან სულ რაღაც $86,56 უნდა მიეღო, თუმცა, სპადონის ანგარიშზე შეცდომით 1 205 619 დოლარი გადაირიცხა.

სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალბედა მილიონერმა საკუთარი ანგარიში მაშინათვე დახურა, რათა ფული შეენარჩუნებინა. შემდგომ კი მისი ნაწილი ახალი სახლის შესაძენად გამოყო.

გამოძიება სპადონის აგრეთვე ედავება უკანონოდ მიღებული ფულით 2021 წლის Hyundai Genesis-ის ყიდვას, რომლის ფასიც $48 000-დან $70 000-მდე მერყეობს.

როცა კომპანია შეცდომას მიხვდა და საკუთარი ფულის უკან დაბრუნება სცადა, ცხადია, ხელმოცარული აღმოჩნდა, რადგან ანგარიში დახურული იყო და ტრანზაქციის განხორციელება ვერ მოხერხდა.

როგორც ადგილობრივი პოლიციის ოფიცერი, კაპიტანი ჯეისონ რივარდე ჟურნალისტებთან აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ფული ფორმალურად სპადონის საკუთრება იყო, იგი "მას არ ეკუთვნოდა".

"მას არანაირი სამხილი არ აქვს, რითიც დაადასტურებს, რომ ეს თავისი ფულია", — დასძენს რივარდე, — "მიუხედავად იმისა, რომ ეს შეცდომით მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი იყო".

როგორც ჩანს, ტექნიკური ხარვეზით გამდიდრებული თანამშრომლის ყოლის პერსპექტივა არც სპადონის დამსაქმებელს დაუჯდა ჭკუაში და ოთხნახევარი წლის მუშაობის შემდეგ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა.

თაღლითობის საქმეზე კი გამოძიება უკვე დაიწყო. ყოფილ მილიონერს დაეკისრა კომპანიისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებაც.