აშშ-ს შტატ მინეაპოლისში დაკავებისას შავკანიანი კაცის მკვლელობის გამო, აქციების ახალი ტალღა დაიწყო. როგორც BBC წერს, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და კომენდანტის საათი დააწესა.

აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მინეაპოლისთან ახლოს, ბრუკლინ ცენტრში პოლიციამ შავკანიანი კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა. ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი 20 წლის დანტე რაითია.

კვირა საღამოს პოლიციის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები იმ პოლიციელების დაკავებას მოითხოვდნენ, რომლებმაც კაცი მოკლეს. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალება ინფორმაციას ავრცელებს, დემონსტრანტებმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინეს.

შტატის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს და სიტუაციას აკვირდება. ქალაქის მერმა კი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

ბრუკლინ ცენტრის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცავებმა დანტე რაითის მანქანა შუადღით საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს. მისი ვინაობის გადამოწმების შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ ის ძებნაშია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაიტის დაკავებისას, ის თავის მანქანაში ჩახტა და გაქცევა სცადა. ერთ-ერთმა პოლიციელმა საჭესთან მყოფ კაცს ესროლა, რის შემდეგაც მან კიდევ რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა და სხვა მანქანას დაეჯახა. რაითთან ერთად მანქანაში თეთრკანიანი ქალი იყო, რომელმაც სიცოცხლისთვის არასაშიში დაზიანებები მიიღო.