იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას ითხოვს. ინფორმაცია ამის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

"ადეიშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადება აქვს შემოტანილი, მიმდინარეობს საქმის განხილვა. კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში საქმის განხილვის დასრულება უწევს მაისში", — განაცხადეს უწყებაში.

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. სხვადასხვა წლებში ის საქართველოს იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი იყო. ადეიშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში არის მსჯავრდებული.

20 იანვარს სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დამნაშავედ ცნო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.