საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს რიონის ხეობაში მყოფი ადამიანების, როგორც გამოხატვის, ასევე მიმოსვლის თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა.

"რიონის მცველებს მისცეს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობასთან შინაარსობრივი დიალოგის გზა აირჩიოს", — აცხადებენ TI-ში.

ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ რიონის ხეობაში განხორციელებული ქმედებები უხეშად არღვევს იქ შეკრებილი ადამიანების, როგორც მიმოსვლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს.

"გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე არ გაატარა სათანადო პოლიტიკა და არ აწარმოა შინაარსობრივი დიალოგი მოსახლეობასთან, უკვე მერამდენედ პრობლემის მოგვარების გზად რეპრესიული საპოლიციო ძალა აირჩია. ამ პროცესში კი პოლიცია და ხალხი კვლავ პირისპირ დატოვა. მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და აზიანებს საზოგადოების თვალში მათ რეპუტაციას",— ნათქვამია განცხადებაში.

11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ დაშალა სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა. უწყებაში ეს რიონის წყლის დონის მატების გამო აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ახსნეს. აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებ, რომ წყლის დონის მატებასთან კარვების დაშლა არაფერ კავშირშია. მისი თქმით, იქ, სადაც კარვებია განთავსებული, წყლის დონე არ იმატებს იმ ზღვრამდე, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს.