კარგი წიგნის წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილება ხანდახან იმდენად ძლიერია, რომ სხვა ხელოვანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა. სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსმენელისთვის საყვარელი უამრავი სიმღერა ძალიან ცნობილი წიგნების მიხედვითაა შექმნილი.

გთავაზობთ 10 სიმღერას, რომელიც ცნობილი წიგნების შთაგონებითაა შექმნილი:

1. დეივიდ ბოუის 1984 — ჯორჯ ორუელის 1984

1984 ჯორჯ ორეულის დისტოპიური რომანია, რომელშიც მოქმედება ტოტალიტარულ სახელმწიფოში ვითარდება. დეივიდ ბოუი რომანის უდიდესი გულშემატკივარი იყო და ომისშემდგომ ბრომლიში ცხოვრებას დისტოპიურ სახელმწიფოს ადარებდა. წიგნის შთაგონებით მან სხვა სიმღერებიც — We Are The Dead და Big Brother შექმნა.

2. კეიტ ბუშის Wuthering Heights — ემილი ბრონტეს ქარიშხლიანი უღელტეხილი

კეიტ ბუშის ცნობილი ჰიტი ემილი ბრონტეს 1847 წლის რომანის მიხედვითაა შექმნილი. კეიტმა წიგნისადმი სიყვარული ცნობილ სიმღერად 18 წლის ასაკში აქცია. სიმღერა ისტორიას კეტის პერსპექტივით გვიყვება და მომღერალს წიგნიდან რეალური ფრაზებიც კი აქვს გამოყენებული.

3. Led Zeppelin-ის Ramble On — ჯ.რ.რ. ტოლკინის ბეჭდების მბრძანებელი

Led Zeppelin-ის ცნობილი ჰიტი ფროდოსა და სემის მოგზაურობის ერთგვარი ადაპტაციაა, თუმცა ბეჭდის მაგივრად, სიმღერის ცენტრალური ფიგურა ქალია.

4. ტეილორ სვიფტის Love Story — უილიამ შექსპირის რომეო და ჯულიეტა

ტეილორ სვიფტის სიმღერა რომეოსა და ჯულიეტას ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც შექსპირის შედევრთან შედარებით, ტრაგიკული დასასრული არ აქვს.

5. Iron Maiden-ის Brave New World — ოლდოს ჰაქსლის საოცარი ახალი სამყარო

დისტოპიური ნოველები მომღერლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და გამონაკლისი არც ოლდოს ჰაქსლის საოცარი ახალი სამყაროა. Iron Maiden-მა სიმღერით ჰაქსლის მიერ შექმნილ სამყაროსა და 90-იან წლებში ცხოვრებასთან ერთგვარი პარალელი გაავლო.

6. ლანა დელ რეის Young And Beautiful — ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის დიდი გეტსბი

რომანში დეიზისა და გეტსბის ურთიერთობის შესახებ ნიკი გვიყვება, თუმცა ლანა დელ რეის სიმღერა ამ ისტორიას სხვა გადმოსახედიდან გვაცნობს.

7. კეტი პერის Firework — ჯეკ კერუაკის გზაზე

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომღერალმა თავისი ერთ-ერთი ჰიტისთვის ინსპირაცია სწორედ ამ წიგნის კითხვისას აღმოაჩინა. კეტი პერი სიმღერაში, წიგნის მსგავსად, საყვარელ ადამიანებს ფეიერვერკს ადარებს. წიგნის გავლენის შესახებ მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

8. The Rolling Stones-ის Sympathy for the Devil — მიხეილ ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა

ჯგუფის ცნობილი ჰიტის შექმნა მიკ ჯეგერის წიგნისადმი სიყვარულის დამსახურებაა. ოსტატი და მარგარიტას გავლენა უშუალოდ სიმღერის ტექსტშიც აშკარად იგრძნობა, სადაც ყველასათვის ნაცნობი მთხრობილი ისტორიის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების შესახებ გვიყვება.

9. Ramones-ის Pet Sematary — სტივენ კინგის შინაური ცხოველების სასაფლაო

სტივენ კინგისა და მისი გულშემატკივრების მიხედვით, შინაური ცხოველების სასაფლაო ავტორის შემოქმედებაში ყველაზე საშიში წიგნია. წიგნის წარმატებას სიმღერაც იზიარებს — Pet Sematary ჯგუფის ერთ-ერთ საუკეთესო ჰიტადაა მიჩნეული.

10. Green Day-ის Who Wrote Holden Caulfield? — ჯერომ სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში

Green Day-ის სიმღერაზე კლასიკად აღიარებული წიგნის გავლენა სიმღერის სათაურიდანაც აშკარაა, სადაც წიგნის მთავარი პერსონაჟი — ჰოლდენ კოლფილდია ნახსენები. ჰოლდენ კოლფილდის ხასიათი შესაძლოა, სიმღერის ტექსტშიც ამოიცნოთ.