მოსამართლე მაია სვიანაძე, რომელიც საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, ამბობს, რომ მისი წასვლა კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული არაა. იგი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ამერიკაში შვილთან და შვილიშვილებთან ახლოს ყოფნისთვის წავიდა.

"რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა. რამდენიმე წელია მაქვს მუდმივი ბინადრობის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო წლების განმავლობაში ვგეგმავდი დროებით საცხოვრებლად გადასვლას ოჯახთან, რის შესახებაც ცნობილი იყო ჩემი კოლეგების უმრავლესობისათვის. მიუხედავათ იმისა, რომ გავაკეთე ოფიციალური განცხადება წასვლის მიზეზთან დაკავშირებით სამწუხაროდ, მაინც მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება", — აღნიშნავს სვიანაძე თავის ფეისბუქზე პოსტში.

6 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უვადო მოსამართლე მაია სვიანაძე აშშ-ში შვილთან გაემგზავრა და იქ დარჩა, ხოლო გათავისუფლების შესახებ განცხადება იქიდან გამოაგზავნა.

ჯანეზაშვილის განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოეხმაურა. საბჭოში ამბობენ, რომ მან წერილი 26 მარტს გამოგზავნა, ხოლო მისი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის.