ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობა ღია და დახურულ სივრცეში პირბადეების უპირობო გამოყენებაზე უნდა გადავიდეს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"დღეიდან მთელი მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში. მოვახერხოთ და უახლოესი 2-3 თვის მანძილზე უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. აი, ამას თუ შევძლებთ და დღეში 6-7 ათასი ვაქცინაცია გვექნება, ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე ტალღას", — თქვა მან.

მისივე თქმით, თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ. დღეს, 11 აპრილს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქარველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. იგი ამას ფართომასშტაბიან თავშეყრებს უკავშირებს.