ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებთან, კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანათან შეხვედრის შემდეგ, პარტია ლელოს ლიდერები აცხადებენ, რომ მათი პოზიციები არ შეცვლილა და აგრძელებენ მოლაპარაკებებს ქვეყნის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად.

"ეს არის ამოცანა ახლა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს. ვინმემ არ გაიგოს არასწორად — გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომელიც დაეტყობა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ იმ არანორმალურ სიტუაციას, რაც არის სასამართლოში, რაც არის საარჩევნო სისტემაში", — განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.

"ადრე თუ გვიან და ჯობია ეს [მოხდეს] ადრე, ჩვენ მივალთ პოლიტიკურ შეთანხმებამდე, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან.

ჩვენ მომავალშიც გვექნება ინდივიდუალური შეხვედრები. ლელო ხვდება ელჩებს როგორც მარტო, ისევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. რაიმე დადგენილი ფორმატი, რომელიც არ იცვლება, არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ეს შეხვედრები რეგულარულად. ეს არის მორიგი სამუშაო შეხვედრა", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაცია, რომ ჰარცელი და დეგნანი პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ანახლებენ დღეს გახდა ცნობილი. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ ლელოს გარდა დღეს ევროკავშირის ოფისში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, თუმცა On.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

თავად მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით დღესვე გაიმართა შეხვედრა ქართული ოცნების ლიდერებთანაც, თუმცა ამას ვერ ადასტურებენ, რადგან ისინი მათ პირადად არ შეხვედრიან.

"მე ვიცი, რომ ჩვენამდე იყო შეხვედრა, მაგრამ, ჩვენ არავისთან შეხვედრა არ გვქონია. ეს იყო დამოუკიდებელი შეხვედრა ჩემი და ბადრის ელჩებთან", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სავარაუდოა, რომ ფასილიტატორი ელჩები მომდევნო დღეებში სხვა პარტიებსაც შეხვდებიან.