ორშაბათს, 12 აპრილს, 16:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მთავრობა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მდინარე რიონში დაკარგვის ფაქტს პროტესტის წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებს.

"მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად, რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინააღმდეგობას", — აცხადებენ ორგანიზატორები.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო "იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს" საპროტესტო კარვები დასაშლელად და აქტივისტთა დისკრედიტაციისთვის.

"შსს იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა ადგილობრივების თქმით უშუალოდ კარვების ადგილზე არ არსებობს ეს საფრთხე ახლა; უდგამს ალკოჰოლით სავსე ჭიქებს კარვების დაშლისას მაგიდებზე გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ დაზაფრულ ხალხს, რომელსაც კარვების ტერიტორიაზე აკრძალული აქვს შინაგანაწესით ალკოჰოლის შეტანა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა კარვებს შლის და ამის მიზეზად მოსალოდნელია რიონის წყლის დონის მატების გამო აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დაასახელა. პირადი ნივთები კარვებიდან გამოტანის დროს აქტივისტებმა არყისა და ლუდის ბოთლები შეამჩნიეს. ისინი ამბობენ, რომ ალკოჰოლური სასმელი არ ჰქონდათ და ცარიელი ბოთლები "პოლიციელებმა ჩაუდეს".

მეორე დღეა მდინარე რიონში კაცს ეძებენ. როგორც ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტები ყვებიან, იგი პროტესტს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. თვითმხილველი ამბობს, რომ გვიან ღამით იგი მდინარეში შევიდა და მცდელობის მიუხედავად მისი გამოყვანა ვერ შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში 20 მეხანძრე-მაშველი და 6 მყვინთავი, ყველა საჭიროა აღჭურვილობითაა ჩართული.