დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ იქნება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ამ ეტაპზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ იქნება. მხოლოდ და მხოლოდ, იქნება გამკაცრებული კონტროლი და მონიტორინგი აღსრულებაზე იმ შეზღუდვების, რაც ქვეყანაშია დაწესებული. მხედველობაში მაქვს კარანტინის პროცესი, დიდი თავშეყრები", — თქვა მან.

გამყრელიძემ ისაუბრა ვაქცინაციის პროცესზეც და აღნიშნა, რომ ის წარმატებული არ არის. ამის მიუხედავად ამტკიცებს, რომ პროცესი არც წარუმატებელია. მისი თქმით, პროცესი დაბალი ტემპით მიმდინარეობს, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.

9 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ აღდგომის შემდგომი ერთი კვირა, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოაცხადა. ამასთან, დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა, ხოლო კომენდანტის საათი ძალაში დატოვა.