ევროპული საქართველოდან რამდენიმე ლიდერის წასვლისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის განახლების შემდეგ, On.ge პარტიის ერთ-ერთ სახეს, სერგი კაპანაძეს მისი გადაწყვეტილების გასარკვევად დაუკავშირდა. პოლიტიკოსს ვკითხეთ, რჩება ევროპულ საქართველოში თუ მიდის, რაზეც მხოლოდ ეს გვიპასუხა:

"აღარ ვარ პოლიტსაბჭოში და უარი ვთქვი ხელმძღვანელ თანამდებობაზე".

კითხვას, არის თუ არა პარტიის წევრი, კაპანაძე პასუხობს, რომ რჩება მხარდამჭერად.

"ვრჩები პარტიის მხარდამჭერად. პარტიის წევრობა, ეგეთი არ არის. არც ხელმძღვანელ თანამდებობაზე, არც პოლიტსაბჭოში და არც გენ. მდივანზე და არც სხვა რამეზე არა ვარ", — უთხრა On.ge-ს კაპანაძემ.

კაპანაძეს, ასევე, ვკითხეთ, რას ფიქრობს პარტიის ლიდერების, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას წასვლისას გაკეთებულ განცხადებებზე, თუმცა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

10 აპრილს, ევროპული საქართველოს ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარადგინეს, პარტიის თავმჯდომარედ კი გიგა ბოკერია აირჩიეს. ამას წინ უძღოდა ორი ლიდერის, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ ჯერ პარტიიდან წასვლის დაანონსება, შემდეგ კი საბოლოოდ წასვლა.

ევროპულ საქართველოში აღარ არიან ლევან თარხნიშვილი, გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილიც. უცნობია ირმა ნადირაშვილის გადაწყვეტილება.

ყრილობის დღეს დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით პარტიას გაუჭირდება ამომრჩევლებისა და პარტნიორების დარწმუნება "განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში". უგულავა კი ამბობს, რომ პატივს სცემს ბოკერიას გადაწყვეტილებას დარჩეს პარტიაში, მაგრამ ეს არა პასუხისმგებლობა, არამედ ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობა ჰქონია. ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თანაგუნდელების წასვლას მცდარი გადაწყვეტილება უწოდა.

ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. მაშინ პარტიაში დავით ბაქრაძის წასვლას არ ადასტურებდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე მიღებული დაბალი შედეგის გამო, პარტიის განახლება და ცვლილებები იყო საჭირო.