სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში კაცს ამ დრომდე ეძებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ის უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ჰყვება, კაცი ნამოხვანში 3-4 დღის ჩასული იყო, თუმცა ისინი მას არ იცნობდნენ.

"სამი-ოთხი დღის ჩამოსული ადამიანი, რომლის სახელიც მე, სამწუხაროდ, არ ვიცი და არც მინახავს, გადაწყვიტა, რომ შესულიყო წყალში. ჩვენი მეგობრები და მათ შორის, პოლიცია, სხვათა შორის, იქვე ახლოს ტრიალებდა და მიედევნენ მას, სთხოვდნენ. ჩვენი ერთი მეგობარი წყალშიც კი შევიდა და თხოვდა, გამოსულიყო",— ამბობს ის.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე რიონში საძიებო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო.

"პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან.

საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით", — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს. რიონში კაცი გუშინ, 10 აპრილს გაუჩინარდა.