შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს უწყების მაღალჩინოსანი, რომელმაც განზრახ უკანონოდ დააკავა პირი. უწყებაში ამბობენ, რომ დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ უფლებამოსილების ბოროტად ისარგებლა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ზ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება", — აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და განზრახ უკანონოდ დაკავებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.