"ეს იყო ზუსტად პოლიტიკური აქცია, ღამე კარზე კაკუნი", — აცხადებს ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი დედა სოსანაზე. ის ასე აფასებს ფაქტს, რომ 2 აპრილს მონაზონი დედა სოსანა და მასთან ერთად მყოფი 68 წლის მორჩილი ღამის სამის ნახევრამდე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის გარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

"მეუფე სტეფანემ ეს მათ გამოუცხადა იმ დროს, როდესაც შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ [...] ეს იყო ზუსტად პოლიტიკური აქცია, ღამე კარზე კაკუნი [...] აი, ეს კადრები კიდევ ერთხელ ნახეთ. შემთხვევით ოპერატორს კამერა მოუტრიალდა და აღმოჩნდა, რომ იქ უამრავი ადამიანი დგას და ამ სპექტაკლს ესწრება. ასე იყო, თუ არა? ეს იყო სპექტაკლი, დადგმული სპექტაკლი", — თქვა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

2 აპრილს მონასტრის გარე ტერიტორიაზე დარჩენილ დედა სოსანასა და მის მორჩილს შიგნით შესვლის უფლებას პოლიცია არ აძლევდა. როგორც დედა სოსანამ On.ge-ს უთხრა, მონასტრის ტერიტორიის დატოვება მიტროპოლიტ სტეფანეს ბრძანებით მათ სამართალდამცავებმა მოსთხოვეს. მეუფე ნიკოლოზი კი ამტკიცებს, რომ დედა სოსანა წვიმაში არ დარჩენილა და შეეძლო, რომ თავი სადმე შეეფარებინა.

"ღამის ცხრა საათზე გამოუცხადა ესა? მომისმინეთ, ნუ ამძაფრებთ ახლა. არაფერი წვიმაში არ დარჩა. სასტუმრო არის იქ უამრავი და ყველაფერი შეიძლება, რომ ან ოჯახში შევიდეს ვინმესთან, რომ შეიფაროს ან იმ ოპერატორმა, რომელმაც გადაიღო, ჩაისვას მანქანაში და წაიყვანოს. რა, ღამის 9 საათზე გამოუცხადა ამის შესახებ?", — თქვა მან.

30 მარტს ვიდეო გავრცელდა, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის მონაზონ დედა სოსანას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს. ვიდეოში ეპარქიის ხელმძღვანელი მას ეუბნება: "დავაი რა", "შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი", "დააყენე ერთი წუთით".

"იმ გაფუჭებულმა დედაკაცმა რაც თქვა ჩემს ძმებზე ეპისკოპოსებზე, მე გავეცი პასუხი. შენ რატომ უნდა დაგიმტკიცო, ვინა ხარ რომ დაგიმტკიცო. შენ გაინტერესებს არ ნიშნავს, რომ მე შენ უნდა გიმტკიცო. შენ მდუმარედ უნდა იჯდე, ვაბშე და ხმას არ უნდა იღებდე. დავაი, რა...

...რა უბედურება გჭირს, ქალო, დააყენე ერთი წუთით, რა, ეს შენი რაღაცა, რა...", — ეუბნება მეუფე სტეფანე დედა სოსანას.