გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით აკეთებენ გირჩის სამეფოს, რომელსაც თავის კონსტიტუცია ექნება. აღნიშნულზე ხვიჩია On.ge-ს ესაუბრა.

"მოწყობილია მმართველობის სისტემა, რომლითაც გასაგები იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის როგორ იმართება გირჩი. ნომინალურად ჩვენ ავირჩიეთ კონსტიტუციური მონარქიის ფორმა ფიზიკურად, სადაც არსებობს რაღაც ტიპის სიმბოლო, ანუ პატივისცემის სიმბოლო. ასეთი არის, როგორც წესი სასულიერო პირი და საერო პირი. ჩვენ, ბუნებრივად, მოგვივიდა ისე, რომ "საბო მეფედ" გვქონდა წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანი 2019 წელს საბოს მაჟორიტარულ არჩევნებზე და საბო მეფედ კამპანია გვქონდა ჩატარებული. ბუნებრივად გვყავდა ლევან ჯგერენაია ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური. ბუნებრივად ეს ორი პირი გვქონდა მეფე და პატრიარქი და შესაბამისად, ამაზე ავაგეთ ჩვენი კონსტიტუცია", — აცხადებს ხვიჩია.

მისი თქმით, მიზანი ახალი, ერთიანი საზოგადოების შექმნაა, რომლებიც სხვადასხვა ტერიტორიაზე იქნებიან, მაგრამ ეცოდინებათ, რომ ერთი რწმენის ადამიანები არიან.

"შიგნით არის ძალიან გამართული მმართველობითი და მორალური ღირებულებითი სისტემა, რითაც ჩვენ გვინდა შევქმნათ ახალი საზოგადოება ამ ქვეყანაში, ჩვენნაირი რწმენის ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება, რომლებიც სხვადასხვა ადგილას იქნებიან ტერიტორიულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მაგრამ ეცოდინებათ, რომ ისინი ერთიანი საზოგადოების, ერთი რწმენის ადამიანები არიან, ერთნაირად უყურებენ სამყაროს, ანუ ერთი სამეფოს წევრები არიან", — ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი.

ხვიჩიას თქმით, კონსტიტუციის ტექსტი მომზადდა მეფის და მთავარი მღვდელმსახურის ხელდასხმით შექმნილი 36 მწერალ-მემატიანის მიერ.