დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აღდგომის აღნიშვნის შესახებ საპატრიარქოსთან შეხვედრები იქნება, რათა, "როგორც შარშან", გადაწყვეტილება მიიღონ.

"ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ მივიდეს საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ აღდგომა, ეს ყველაზე დიდი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის, აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება. მეორეს მხრივ, დაცული უნდა იყოს ის ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ კლასტერები გამრავლდა, სააღდგომოდ შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა გახდება საჭირო.

შარშან, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სპეციალისტების რეკომენდაციების მიუხედავად, საპატრიარქომ უარი თქვა მთავარი რეკომენდაციის შესრულებაზე და მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდა, არც ეკლესიები დაკეტა დროებით. პირიქით, საქართველოს მთავრობა და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლიც დაესწრო.

გაიგეთ მეტი: