ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის, ლევან ვეფხვაძის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის ქმედება არათანაბარ მდგომაროებაში აყენებს ბრალდებულს იურისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას უფლება აქვს, დაავალდებულოს პროცესის მონაწილე, არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მოცემულ შემთხვევაში, ეს დაცული უნდა იყოს ორმხრივად. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია იმედზე, ქრონიკის ეთერში ისაუბრა:

"მაგალითად, ეს საქმე ცნობილია, როგორც "ციანიდის საქმე", თითქმის ყველა ასე უწოდებს, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი ის ნივთიერება, პროკურატურის თქმით, რომელიც ამოიღეს, არის თუ არა მასზე ექსპერტიზა ჩატარებული და არის თუ არა ნამდვილად ციანიდი. ამ ყოველივეს, თუ ვინ არის ბრალში მოხსენიებული, ვის მიმართ შეიძლება ყოფილიყო დანაშაულებრივი ქმედება მიმართული, უნდა გაეცეს პასუხი და მხოლოდ პროკურატურის ცალმხრივი პოზიცია არღვევს თანასწორობის პრინციპს. როდესაც პროკურატურის მხრიდან გარკვეული სახის ინფორმაციის გაჟღერება ხდება და ამავდროულად დაცვის მხარეს არ ეძლევა საშუალება, ამ ბრალდებებს უპასუხოს, ბუნებრივია, დაცვის მხარე უთანასწორო მდგომარეობაშია".

დღეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც მოითხოვა:

  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაცვის მხარეს მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები;
  • პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღონ შესაბამისი ზომები გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად;
  • პოლიტიკოსებმა დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენსბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად.

მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. უწყების განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.