საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როცა 9 აპრილს პრეზიდენტის სასახლეში ცარიელი სკამებია.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა თქვენ მოგახსენოთ, ვინც მობრძანდით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამია დღეს პრეზიდენტის სასახლეში, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და ისტორიულ დღეს.

კიდევ უფრო სამწუხარო არის, როცა ნაწილი ამ პარტიების მოდიოდა თუნდაც ნახევარი საათის წინ და ბოლო წუთში რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით იყვნენ ყველა და ყოველივე პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში.

სამწუხაროა, ასევე, იმიტომ რომ, მე მესმის, წამოძახილები სხვადასხვა კუთხიდან პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა თვითონ პრეზიდენტი და საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მიბმული მუდმივად მიბმული იმაზე ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ ჩვენთვის და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. მაგრამ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია", — განაცხადა ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე.