ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე თავდასხმების გახშირებულ ფაქტებს ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკასა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირებას უკავშირებს. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს და ასე გამოუეხმაურნენ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტებზე მორიგ თავდასხმას.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ფორმულას თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება", — ნათქვამია განცხადებაში.

ქარტიამ მოუწოდა ხელისუფლებას დროულად გამოიძიოს ჟურნალისტთა თავდასხმის, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისა და ქონების დაზიანების ყველა ფაქტი.

ფორმულაში თანამშრომლებზე თავდასხმას ტელევიზიაში მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა და მანქანიდან არც არაფერი არის წაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ გამოძიება შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს. რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფორმულას თანამშრომლებს თავს ესხმიან. 25 თებერვალს თავს დაესხნენ ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდასტურდა. სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.