საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთების საკითხი მასთან და ოპოზიციასთან განხილული არ ყოფილა. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, რომ საჭიროა წინასწარი გაფრთხილება და კონსესუსის მიღწევის მცდელობა. მისივე თქმით, ასეთი მომავალი ერთად უნდა იქმნებოდეს.

ამავე გამოსვლაში პრეზიდენტმა გააკრიტიკა ოპოზიციაც და მოუწოდა მათ მეტი შეგნება გამოიჩინონ და საქართველოს საერთაშორისო იმიჯი არ დააზარალონ. გარდა ამისა პრეზიდენტმა რამდენჯერ მოუწოდა მთავრობასა და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ.

"ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემს შემდეგ ან ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს.

მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არა თუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", — განაცხადა მან.

2024 წელს საქართველო გეგმავს, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინოს.