კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით მთავრობას მოუწოდებს, მედიის უსაფრთხოებისთვის პრევენციული ღონისძიებები მიიღონ.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", — წერია განცხადებაში.

ფორმულას განცხადებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს.

"ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება. ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს", — აცხადებენ ფორმულაში.

On.ge დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფორმულას თანამშრომლებს თავს ესხმიან. 25 თებერვალს თავს დაესხნენ ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდასტურდა. სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.