სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან, აფგან მუხთარლისთან შეხვედრას გეგმავს.

"უმნიშვნელოვანესი საქმეა, უკვე მერამდენე წელია ხვდება ჩვენს ანგარიშებში. საქმე, რომელიც არ არის გამოძიებული და არ არის დასრულებული, საქმე, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი და აქვს საერთაშორისო რეზონანსი, შესაბამისად მე ვგეგმავ, რომ ასევე, პირადად შევხვდე აფგან მუხთარლის და მისგან მოვისმინო უშუალოდ ის სათქმელი, რაც მას აქვს სახალხო დამცველთან", — განაცხადა ლომჯარიამ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისში 7 აპრილს ჩამოვიდა. მისი თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

აფგან მუხთარლი 2017 წელს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს მოულოდნელად აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

მუხთარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხთარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

მუხთარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა იგი პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს. ჟურნალისტი 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს.

მუხთარლიმ საქართველოში ჩამოსვლა გასული წლის ოქტომბერში სცადა, თუმცა მაშინ თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს. Georgian Airways-ში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს ბორტზე ვერ აუშვებდნენ.

აფგან მუხთარლის თქმით, საქართველოში ჩამოდიოდა, რადგან უნდოდა, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულიყო. როგორც მუხთარლიმ მაშინ On.ge-ს განუცხადა თავდაპირველად უთხრეს, რომ დოკუმენტები არ ჰქონდა მოწესრიგებული, შემდეგ კი კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი წესები დაუსახელეს, თუმცა დასაბუთებული პასუხი მაინც ვერ მიიღო. საბოლოოდ, მას ბილეთი გაუნულეს.