აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გავლენის პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

"არ მჯერა საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების, რადგან როდესაც მე გამიტაცეს, მათ შეასრულეს დაკვეთა აზერბაიჯანული ხელისუფლების. პრემიერმინისტრის შეცვლა არ გულისხმობს არსებული ხელისუფლების შეცვლას და შესაბამისად, რჩება ეს პოლიტიკური ძალა, ჩემი გამტაცებელი აქ[...] მე არ მიმაჩნია, რომ ქართულ ოცნებაში ღირებულებების ირგვლივ კი არ არიან შეკრებილი, არამედ ერთი მილიარდელის, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ რამდენადაც მას ექნება გავლენა უშუალოდ საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები, თუმცა მაინც არ უნდა მოვაკლოთ ცდა", — განაცხადა მუხთარლიმ ფორმულას ეთერში[ფორმულას თარგმანი].

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისში 7 აპრილს ჩამოვიდა. მისი თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

აფგან მუხთარლი 2017 წელს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს მოულოდნელად აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

მუხთარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხთარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

მუხთარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა იგი პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს. ჟურნალისტი 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს.

მუხთარლიმ საქართველოში ჩამოსვლა გასული წლის ოქტომბერში სცადა, თუმცა მაშინ თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს. Georgian Airways-ში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს ბორტზე ვერ აუშვებდნენ.

აფგან მუხთარლის თქმით, საქართველოში ჩამოდიოდა, რადგან უნდოდა, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულიყო. როგორც მუხთარლიმ მაშინ On.ge-ს განუცხადა თავდაპირველად უთხრეს, რომ დოკუმენტები არ ჰქონდა მოწესრიგებული, შემდეგ კი კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი წესები დაუსახელეს, თუმცა დასაბუთებული პასუხი მაინც ვერ მიიღო. საბოლოოდ, მას ბილეთი გაუნულეს.