უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ მერეჟკო აცხადებს, რომ მადლიერია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უკრაინის მხარდამჭერი განცხადების და ამბობს, რომ მხარეთა ერთობლივი მხარდაჭერა რუსეთზე გამარჯვების გასაღებია.

"მადლიერი ვარ ჩვენი კოლეგებისა და მეგობრების მიმართ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან, ამ მძიმე დროს, უკრაინის მხარდამჭერი სიტყვებისთვის. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და ორმხრივი მხარდაჭერა აგრესორზე — რუსეთის ფედერაციაზე გამარჯვების მთავარი გასაღებია", — წერს უკრაინელი დეპუტატი.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ქართველი დეპუტატები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევის, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებისა და კრემლის აგრესიული რიტორიკის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებენ.