ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მდინარე ენგურის გადაკვეთისას დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

"ადამიანების სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყველა მხარის მიერ ერთობლივ თანამშრომლობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ტრაგედიები, როგორიც მოხდა. ეს სამწუხარო მდგომარეობა გვახსენებს, რომ წლების განმავლობაში ოჯახები იძულებული ხდებოდნენ გაეკეთებინათ წარმოუდგენელი არჩევანი, რათა ყოფილიყვნენ მათთან, ვინც უყვართ, ჰქონოდათ სამედიცინო მომსახურება და განათლება, ან საჭმელი მაგიდაზე. აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ვალდებულება ამ ჰუმანიტარული კრიზისით დაზარალებული ხალხის მიმართ", — აცხადებენ საელჩოში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულები გალის რაიონში ცხოვრობდნენ და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ.

ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია და წელიწადზე მეტია ადგილობრივებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ. გზა საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა.

ენგურის ხიდი, რომელიც გალელებისთვის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ, რამდენიმე დღით, ცალმხრივად გაიხსნა. აფხაზურმა მხარემ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ან სხვა მიზნით იმყოფებოდნენ, გზა ჰუმანიტარული მიზნით გახსნა, რათა მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

ხიდი, ასევე, გაიხსნა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე იმ პირებისთვის, რომლებიც პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს იღებდნენ. მათ ენგურის ხიდამდე მისვლა მხოლოდ ამ დახმარებების ასაღებად შეეძლოთ. სხვაგან გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.

გადაადგილება შეეძლოთ, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. თუმცა, იგივე შეღავათი არ მოქმედებდა და დღემდე არ მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც ქრონიკული ან სხვა დაავადებები აწუხებთ.

აფსნიპრესის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფატქო ხელისუფლებამ 2021 წლის იანვრიდან პირველ აპრილამდე გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, მას დღეში 2 580-მდე ადამიანი კვეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ერთ წელზე მეტია დაახლოებით ამდენივე ადამიანს ყოფითი პრობლემები ყოველდღიურად ექმნება.

გაიგეთ მეტი: