სტატიის სათაურის წაკითხვისას თვალწინ, ალბათ, ორ ფეხზე მოსიარულე, ან თუნდაც ბორბლებიანი რობოტები წარმოგიდგათ, რომლებიც ზოგს ძალიან აინტერესებს, ზოგს კი შიშის ზარს სცემს. მეორე კატეგორიას თუ მიეკუთვნებით, გაგახარებთ თუ გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ პროგრამულ რობოტებზეა საუბარი, რომელთა დაქირავებაც კომპანიებს საქართველოშიც შეუძლიათ. რობოტი თანამშრომლის აყვანის ეს ფორმა, სხვა სიტყვებით პროცესების რობოტიზაცია, მსოფლიოს მასშტაბით მზარდი სფეროა და ის კომპანიებში თანამშრომლების რუტინული სამუშაოს შესამსუბუქებლად და დროითი რესურსის დაზოგვისთვის გამოიყენება.

ამ მიმართულებით საქართველოში NGT ჯგუფი მუშაობს, რომელმაც რობოტიქსის კუთხით განვითარება საქართველოში 2019 წლის პირველ ნახევარში დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაში შედარებით ახალია, გამოცდილი კადრების მოძიება შეუძლებელი იყო. ამიტომ, კომპანიამ პირველი წელი გუნდის ფორმირებას, კომპეტენციის დაგროვებასა და არსებულ კლიენტებში ტექნოლოგიის პოპულარიზაციას დაუთმო. დღეს კი ისინი უკვე რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობენ.

"თავიდან აქტიურად ვცდილობდით ამ ტექნოლოგიის პოპულარიზაციას და გვინდოდა, საქართველოში წამყვანი ტოპ 100 კომპანიისთვის მიგვეწვდინა ხმა. ჩვენი პირველი კლიენტი კოკა-კოლა იყო. აქ უკვე ჰქონდათ გარკვეული წარმოდგენა RPA ტექნოლოგიის შესახებ, მათი უცხოელი კოლეგებისგან. გარდა ამისა, რამდენიმე ბანკი და ფინტექ კომპანიაც დავაინტერესეთ, სადაც ჩვენი რობოტები უკვე აქტიურად მუშაობენ. მაგალითად, TBC Pay-ში RPA-ს რობოტს 16 000-ზე მეტი ოპერაცია აქვს შესრულებული ამ დრომდე. ასევე ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სექტორთან. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში ყველაზე აქტიურად სწორედ ამ სფეროში იყენებენ რობოტებს", — გვიყვება NGT-ის RPA ბიზნეს კონსულტანტი, დავით მეშველაშვილი.

როგორ სწავლობს და მუშაობს პროგრამული რობოტი?

RPA-ში საუბარია პროგრამულ რობოტებზე, რომლებსაც ფიზიკურად ვერ დაინახავთ და რომლებიც ზედმეტ ადგილს არ იკავებენ. რაც შეეხება შემდეგ მათ დანერგვას და იმას, თუ როგორ სწავლობენ ისინი სხვადასხვა პროგრამებს, ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. თავდაპირველად საჭიროა ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და პროცესის დოკუმენტაციის მოპოვება. შემდეგ კი, საქმეში დეველოპერები ერთვებიან, რომლებიც რობოტებს "ატრენინგებენ" — მათ შესასრულებელ დავალებებს ასწავლიან.

დატრენინგებული რობოტები არსებულ პროგრამებსა და აპლიკაციებს ზუსტად ისევე იყენებენ, როგორც ადამიანები. განსხვავება კი ისაა, რომ მათ 24 საათის მანძილზე შეუძლიათ დაკისრებული საქმის კეთება მოტივაციისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაქვეითების გარეშე.

"ჩვენი რობოტები იყენებენ AI ტექნოლოგიას, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაინახონ კომპიუტერის ეკრანი. სწორედ ამიტომ ვეძახით დეველოპმენტის პროცესს ტრენინგს. ამჟამინდელი მდგომარეობით, ჩვენმა გუნდმა რობოტებს უკვე ასწავლეს საქართველოში არსებული ძირითადი საბუღალტრო პროგრამისა თუ EPR სისტემებზე, ასევე ინტერნეტბანკებთან, სახელმწიფო სერვისების სხვადასხვა ვებ პლატფორმებთან მუშაობა (როგორიცაა, მაგალითად, rs.ge). ეს ყველაფერი კი სამომავლო პროექტებზე მუშაობაშიც გვეხმარება", — ამბობს დავით მეშველიშვილი.

ფოტო: VentureBeat

გარდა ამისა, გუნდი მუდმივად ცდილობს რობოტების შესაძლებლობის გაზრდას. ისინი იმედოვნებენ, რომ რობოტების საშუალებით, უახლოეს მომავალში შეძლებენ, პარტნიორებს მეტი დროის დაზოგვაში დაეხმარონ.

კომპანიებთან თანამშრომლობის ეტაპები

თანამშრომლობის დაწყებისას პროექტები სამ ეტაპად იყოფა — ეკონომიკური დასაბუთება, ტექნოლოგიური დასაბუთება და დანერგვა. პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან, თავდაპირველად, ანალიტიკოსთა გუნდი იწყებს მუშაობას, რომლის მიზანია კომპანიის რობოტიზაციის პოტენციალის შეფასება — გუნდის თანამშრომლები სწავლობენ კომპანიის შიდა პროცესებს და იკვლევენ, თუ რა ადამიანური რესურსის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი რობოტიზაციის დახმარებით.

"ეს ეტაპი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე პარტნიორი ორგანიზაციისთვისაც — ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პროექტის განხორციელება ნამდვილად ღირს და ნამდვილად აქვს მას წარმატების პოტენციალი. პარტნიორი კომპანია კი აფასებს, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ რობოტებს მათთვის", — გვიყვება NGT-ის სოლუშენ მენეჯერი, გიორგი კალაძე.

პროექტის განხორციელების ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შემდეგ იწყება ტექნოლოგიური დასაბუთება, რაც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ამ ეტაპზე გუნდი პარტნიორ კომპანიასთან ერთად არჩევს პროცესს, რომლის შესრულებაც მომავალში რობოტს დაევალება. ამ პროცესის მიზანია, ერთი მხრივ დაანახონ პარტნიორ კომპანიებს რობოტიზაციის სარგებელი, მეორე მხრივ კი, დარწმუნდნენ, რომ მათ რობოტებს ნამდვილად შეუძლიათ საჭირო საქმის შესრულება. ამ ყველაფრის საფუძველზე კი მარტივი ხდება გადაწყვეტილების მიღება და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.

ასისტენტ რობოტი და დამოუკიდებელი რობოტი

რობოტების შესაქმნელად NGT-ს გუნდი თანამშრომლობს RPA ტექნოლოგიების ლიდერ კომპანიებთან, როგორიცაა UiPath, რომლის ყველაზე დიდ პარტნიორ ორგანიზაციას საქართველოში სწორედ NGT წარმოადგენს. UiPath არის ერთგვარი პლატფორმა, რომლის საფუძველზეც გუნდის დეველოპერები ქმნიან რობოტებს.

ამჟამად NGT-ს ორი ტიპის რობოტები ჰყავს — ასისტენტ რობოტი და დამოუკიდებელი რობოტი. ისინი სხვადასხვა ტიპის დავალებებს ასრულებენ.

ასისტენტ რობოტი ორგანიზაციას თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდაში ეხმარება. იგი მიმაგრებულია მომხმარებელზე, რომელიც რობოტს სურვილისამებრ ავალებს ამა თუ იმ დავალების შესრულებას. მას პროცესის დასაწყებად ადამიანთან ინტერაქცია და მისგან ბრძანების მიღება სჭირდება.

რაც შეეხება დამოუკიდებელ რობოტს, ეს უკანასკნელი დამოუკიდებლად დგას სერვერზე და გამოიყენება ისეთი პროცესების რობოტიზაციისთვის, სადაც ადამიანის ჩართულობა საერთოდ არაა საჭირო. იგი წარმოადგენს ერთგვარ უნივერსალურ თანამშრომელს, რომელიც სხვადასხვა დეპარტამენტისგან იღებს დავალებებს და მათი პრიორიტეტულობის მიხედვით ადგენს მათი შესრულების თანმიმდევრობას.

რობოტები ქართულ ბაზარზე

როგორც გიორგი კალაძე გვიყვება, NGT პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც პროცესების რობოტიზაციის კუთხით დაიწყო მუშაობა. მისივე თქმით, ამჟამად საქართველოში NGT ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში რეალური კომერციული პროექტები განახორციელა და ასევე ერთადერთია, რომელსაც შეუძლია, პარტნიორთან ერთად გაიაროს რობოტიზაციის სრული გზა.

"საქართველოში უკვე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ მიმართულებით, რაც ძალიან გვახარებს, რადგან კონკურენცია კიდევ უფრო დაგვეხმარება გაზრდასა და განვითარებაში", — გვიყვება მარიამ იანვარაშვილი, NGT-ის PR მენეჯერი.

კომპანია NGT

NGT ჯგუფი ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. გუნდი აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპების განვითარებას, ეხმარება მათ საჭირო მიმართულების პოვნაში მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ პროდუქტს ბაზარზე გაიტანენ და დაიწყებენ ინვესტორების მოძიებას.

"ჩვენი კომპანია მაქსიმალრად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ყველა იმ იდეას, რომელიც თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და დროითი რესურსების დაზოგვას ემსახურება. RPA სწორედ ერთ-ერთი ასეთი სტარტაპი იყო, რომელიც NGT-ს მხარდაჭერით შეიქმნა და ძალიან სწრაფად განვითარდა. რობოტიზაციის პროცესის დანერგვა საქართველოში საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა და ვფიქრობ, რომ სწორედ ამან განაპირობა პროდუქტის ასეთი წარმატება", — ამბობს მარიამ იანვარაშვილი.

NGT-ს მონაწილეობით განხორციელდა სხვა ისეთი საინტერესო პროექტებიც, როგორებიცაა ელექტრონული ხელმოწერების პირველი ციფრული პლატფორმა Signify, რომელიც NGT-ის შვილობილი კომპანიის, Rockit by NGT-ს პირველი და წარმატებული პროექტია. ასევე NGT-ს მხარდაჭერით შეიქმნა Bihub - Open data პრინციპზე დაფუძნებული პირველი ანალიტიკური პლატფორმა საქართველოში, Qmatic - რიგის მართვის სისტემა და მრავალი სხვა საინტერესო პროექტი.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, NGT-ს დიდ ოჯახში RPA ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. მარიამ იანვარაშვილის თქმით, ეს მიმართულება მეორე წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ იგი უკვე დამოუკიდებელ ბიზნეს ერთეულად ყალიბდება.

უახლოეს პერიოდში კი გუნდი დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბებას აპირებს და იმედოვნებს, რომ მომავალში კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება.