აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ამბობს, რომ პროკურატურაში მან ჩვენება ვერ მისცა, რადგან აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი არ ჰყავდათ. ამის შესახებ მან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

"პირველად მოიყვანეს თარჯიმანი თურქული ენის, უარი ვთქვი. საათ-ნახევარში მოვიდა ახალი თარჯიმანი და დავიწყეთ საუბარი. ნათელი გახდა, რომ მანაც არ იცოდა აზერბაიჯანული. ამიტომაც დღეს იქ არაფერი ხდებოდა", — თქვა მან ჟურნალისტებთან.

როგორც მუხთარლი ამბობს, გამოკითხვა ხვალ იქნება და იმედი აქვს, რომ თარჯიმანი ეყოლებათ.

პროკურატურაში On.ge-ს განუცხადეს, რომ მუხთარლის თავდაპირველად შესთავაზეს თარჯიმანი, რომელზეც მან პირადი გასაუბრების შემდეგ უარი თქვა, რადგანაც ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თაგრმნას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ შესთავაზეს ახალი თარჯიმანი, რომლის ჩართულობითაც გამოკითხვა გაგრძელდა სამი საათი, თუმცა ჟურნალისტმა მოგვიანებით მასზეც უარი თქვა, რადგან მისი შეფასებით, ისიც ვერ უზრუნველყოფდა თარგმნას.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მუხთარლის შესთავაზეს შესვენების გამოცხადება, რად დროსაც ახალ თარჯიმანს მიიყვანდნენ, თუმცა მან უარი თქვა და პროცესის გადადება ხვალისთვის ითხოვა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისში 7 აპრილს ჩამოვიდა. მისი თქმით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

აფგან მუხთარლი 2017 წელს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს მოულოდნელად აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცებით, მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

მუხთარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხთარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

მუხთარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა იგი პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს. ჟურნალისტი 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს.

მუხთარლიმ საქართველოში ჩამოსვლა გასული წლის ოქტომბერში სცადა, თუმცა მაშინ თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს. Georgian Airways-ში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები იყო, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს ბორტზე ვერ აუშვებდნენ.

აფგან მუხთარლის თქმით, საქართველოში ჩამოდიოდა, რადგან უნდოდა, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულიყო. როგორც მუხთარლიმ მაშინ On.ge-ს განუცხადა თავდაპირველად უთხრეს, რომ დოკუმენტები არ ჰქონდა მოწესრიგებული, შემდეგ კი კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი წესები დაუსახელეს, თუმცა დასაბუთებული პასუხი მაინც ვერ მიიღო. საბოლოოდ, მას ბილეთი გაუნულეს.