პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მზად არიან, პარტნიორების მოწოდება მხედველობაში მიიღონ და საერთო სასამართლოების შესახებ კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნონ.

თალაკვაძის თქმით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, რომელშიც ცვლილებები ორი წლის წინ შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ღია და გამჭვირვალე წესს ადგენს, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტს შეესაბამება და რიგ შემთხვევაში უფრო ამომწურავადაც არეგულირებს ამ მნიშვნელოვან პროცესს.

"ამასთან, ერთი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით... მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა უმარტივესი დასადგენია, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ პარტნიორების მოწოდება და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ", — აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ევროკავშირი საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის წესის ნაჩქარევად შემუშავებისა და მიღების გამო იმედგაცრუებას გამოხატავს და ქვეყანას მოუწოდებს, ვენეციის კომისიას ჰკითხოს, შეესაბამება თუ არა ეს ცვლილებები, მათ წინა რეკომენდაციებს. ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების მისაღები პირობაა.

ევროკავშირის განცხადებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო პროფესიონალი და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტდეს და შერჩევის წესი ყველა კანდიდატზე თანაბრად ვრცელდებოდეს.