სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და მწვანე ალტერნატივა აცხადებენ, რომ ნამახვანის ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კითხვებზე პასუხების ნაცვლად, სახეზეა ცილისწამების კამპანია.

"შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის, გამოხატვის თავისუფლებისა და გადაადგილების უფლებების შეზღუდვას რიონის ხეობაში", — წერია განცხადებაში.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ "უფლებაშემლახავ პრაქტიკას" ბოლო პერიოდში თან ახლავს დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი შეტევები აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნამახვანჰესის პროექტის ამ ფორმით განხორციელებას.

"მთავრობის მისამართით საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური, სრულიად სამართლიანი პროტესტისა და კრიტიკული შეკითხვების საპასუხოდ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, სახეზე გვაქვს ცილისწამების კამპანია — როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია ენკას, ასევე სახელმწიფო კომპანია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხრიდან. ამ პროცესში მთავრობა არათუ არ გვევლინება საჯარო ინტერესის დამცველად, მეტიც საჯარო კომუნიკაციაში მას ღიად ანაცვლებს კომპანია, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის. სახელმწიფოს როლი მხოლოდ საპოლიციო ძალით და რეპრესიული ფორმით არის წარმოდგენილი, ეს კი უგულებელყოფს დემოკრატიულ პრინციპებს, ხელყოფს კანონის უზენაესობას, არღვევს ადამიანის უფლებებს, ხელს უშლის ამ პროცესების მშვიდობიან და დემოკრატიულ ფარგლებში გადაწყვეტას და ზრდის უსაფრთხოების რისკებს, როგორც რიონის ხეობის დამცველთათვის, ისე მათი უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვი", — წერია განცხადებაში.

ისინი აცხადებენ, რომ ნამახვანჰესთან მიმართებით გამოვლენილი "არაეფექტიანობა" მართლმსაჯულების სისტემიდანაც ვლინდება.

"მივიჩნევთ, რომ ნამახვანჰესთან მიმართებით გამოვლენილი არაეფექტიანობა მართლმსაჯულების სისტემიდანაც ვლინდება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გზით მშენებლობის შეჩერებას, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამასთან, ხელისუფლების რიტორიკა, კაშხლის მშენებლობის სამუშაოების შეჩერების თაობაზე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რამდენადაც კაშხლის მშენებლობაზე ამ დრომდე არ არსებობოს ნებართვა, რაც ისედაც გამორიცხავდა კაშხლის მშენებლობის დაწყებას. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ საპოლიციო ძალით აღადგინა ის სამუშაოები რის შეჩერებაც ხეობის მოსახლეობის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა", — წერია განცხადებაში.

უკვე რამდენიმე თვეა, თვეა ნამახვანის ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ადგილობრივების პროტესტს მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზიაციათა ნაწილი. მათი განცხადებით, სახელმწიფომ ისე გასცა ჰესის მშენებლობის ნებართვა, რომ მშენებელ კომპანიას საჭირო კვლევები და დოკუმენტები არ ჰქონდა წარმოდგენილი. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

გაიმართა რამდენიმე აქცია, სადაც ადგილობრივმა აქტივისტებმა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვეს. ამ დრომდე რიონის ხეობაში რჩებიან აქტივისტები, აქ მობილიზებულნი არიან სამართალდამცავებიც.

ნამახვანიჰესის კასკადის მშენებლობა მდინარე რიონზეა დაგეგმილი, რომელიც ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის უნდა იყოს. პროექტი 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და კასკადის ექსპლუატაციაში შესვლა 2025-2026 წელს არის დაგეგმილი. პროექტს თურქულიკომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

EMC-ს პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა სპეკულატიური და დილეტანტურია. გარდა ამისა, სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული პროექტი ენერგოდამოუკიდებლობსკენ გადადგმული ნაბიჯია.

12 მარტს, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არსებული კვლევების გადამოწმებამდე კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება. თუმცა ამბობ, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად მიიღო და დარწმუნებულია, რომ ახალი აღმოჩენა არ იქნება.

ENKA-ს განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის შესაბამისობას, არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან, განიხილავს კომპანია "რამბოლი", როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი.

მათივე თქმით, "რამბოლი" მაღალი რეპუტაციის მქონე მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მოქმედებს პირველი კლასის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სახელით. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ სტაბილურობას და ასევე გარანტიას იღებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, რომელიც ეხება, როგორც სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობას, ასევე უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობას.

გაიგეთ მეტი: