ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ექთნის შემთხვევის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებსა და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც ჩვენი კოლეგა ექთნის შემთხვევის მართვაში მონაწილეობდა, სამართალდამცავ ორგანოებს და მარეგულირებელ სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც არ ასახავდა იმ რეალურ სურათს, რაც კლინიკაში მოხდა. ასეთი ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე, პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. რეგულირების სააგენტო, თავის მხრივ, გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს რეალური ფაქტები და ამის მიხედვით, ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე, ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ საექიმო შეცდომა მოხდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ორ ექიმსა და ერთ ექთანს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის განცხადების თანახმად, სამივე ბრალს აღიარებს.

27 წლის ახალციხელი ექთანი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, 19 მარტს გარდაიცვალა.

18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია ჰქონდა.

ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და NCDC-ის დირექტორმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინის გვერდითი ეფექტი, თუმცა ამის დასადგენად მიმდინარეობს კვლევა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებმა AstraZeneca-ს ვაქცინის სამომავლო გამოყენებაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ამ პრეპარატით აცრა არ შეჩერდება.

გაბუნიამ აღიშნა ისიც, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას მსგავს გვერდით რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული — ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინის რისკი მის სარგებელთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია.

ამავე თემაზე: