საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთის წინაშე უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა განაგრძოს.

"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ", — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

"ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის, როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარდარსალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის. ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი ტარანს დაუდასტურა მხარდაჭერა და დაგმო რუსული პროვოკაცია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ესკალაციის შემთხვევაში აშშ უკრაინას არ მიატოვებს.