როგორც იქნა, კინომანთა სანატრელი 8 აპრილი დადგა და კინოთეატრებში სეანსები ოფიციალურად განახლდა. დარბაზებში გემრიელი პოპკორნის სუნი დატრიალდა და დიდი ეკრანიც აციმციმდა — კინოთეატრებმა მაყურებელი 1 წლის შემდეგ პირველად მიიღეს. კინოთეატრის პირველი სტუმრების ფოტოებს Kinoafisha.ge და Cavea Cinemas ავრცელებენ.

ფოტო: Cavea Cinemas

ფოტო: Cavea Cinemas

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პრემიერებთან ერთად, მაყურებელს დიდ ეკრანზე დაგვიანებით სხვა საყვარელი ფილმების ნახვის შესაძლებლობაც ექნება. სასურველი ფილმების ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

ფოტო: Cavea Cinemas

დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ფილმები: გოძილა vs კონგი, მორტალ კომბატი, დისნეის ახალი ანიმაცია რაია და უკანასკნელი დრაკონი, ტომი და ჯერის კინოვერსია, მერაბ ნინიძისა და ბენედიქტ კამბერბეჩის საერთო ახალი ფილმი კურიერი, კრისტოფერ ნოლანის ტენეტი და წლევანდელი ოსკარის თითქმის ყველა ნომინანტი კინოსურათი.

ფოტო: Kinoafisha.ge

დიდ ეკრანზე საყვარელი ფილმების ხილვა, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან მოგვენატრა, თუმცა არც ის უსაფრთხოების წესები უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც კინოთეატრებში მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვა; კომენდანტის საათის გამო ბოლო სეანსი დაახლოებით 6 საათზე იწყება; ყოველ ჩვენებამდე ტარდება ზედაპირების დეზინფექცია; გამკაცრდა და შეიცვალა დასუფთავების ნორმები.

ფოტო: Kinoafisha.ge

ფოტო: Kinoafisha.ge

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრებმა მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში შეაჩერეს. დიდ ეკრანზე ბოლო ფილმის ჩვენებიდან 1 წელი გავიდა.