ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი გახდა მოსამართლის გადაწყვეტილება, სხდომებზე დასწრების უფლება მიეცეს ბრალდებულ მელიასაც, რომელიც დღეს ადგილზე აკრძალვის გამო არ იმყოფებოდა. სხდომა 13 აპრილს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ენმ-ის თავმჯდომარის პროცესებზე დასწრების შესახებ შუამდგომლობა მისმა ადვოკატებმა დააყენეს, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურის პოზიციაც იყო, რომ ამის წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა ბრალდების მხარე იმედს იტოვებს, რომ "საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება კონსტრუქციულ რეჟიმში და წესრიგი არ დაირღვევა".

ნიკა მელიას სხდომაზე დასწრების უფლება წინა პროცესიდან გაძევების გამო არ ჰქონდა. ადვოკატი დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ამბობდა, რომ მელიას დაშვება მოითხოვა, თუმცა უფლება არ მისცეს.

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. მას ამ საქმისთვის შეფარდებული ჰქონდა გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება, რომელიც ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ ხელახალი გირაო მოითხოვა, თუმცა მელიამ გადახდაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამავე საქმეზე გირაო ერთხელ უკვე გადახდილი აქვს. ენმ-ის ლიდერი აცხადებდა, რომ არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ, თუმცა უწყებამ სასამართლოში მისი პატიმრობა მოითხოვა, რისთვისაც ნებართვა პარლამენტისგან სჭირდებოდა, რადგან, ბოიკოტის მიუხედავად, მელია დეპუტატია. ქართული ოცნების პარლამენტი პროკურატურას დაეთანხმა და ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა. 2020 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მელია ენმ-ის ოფისში მივიდა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის გამო ენმ-ის ლიდერის დაკავება გადაიდო. თანამდებობის დატოვება გახარიამ სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. ახალი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე საათში კი, 23 თებერვალს, მელია დააკავეს, თან ისე, რომ სპეცრაზმი ენმ-ის ოფისში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან და ოთახში გამოიყენეს გაზიც.

ნიკა მელია ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება.

აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.