ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ "მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა და ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი". პროკურორის თქმით, სხდომაზე ბრალდების მხარე უტყუარ მტკიცებულებას წარადგენს.

გულუაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარეს შესთავაზეს კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში, როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, თუმცა, მისივე თქმით, დაცვის მხარე რეალურად კანონით სპეკულირებს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ახდენს, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.

"ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი. რეალურად ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანი არის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მისი პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი.

ბრალდების მხარე იქნება წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებითა და მყარი პოზიციებით, რასაც სასამართლო ძალიან ნათლად დაინახავს ამ საქმის განხილვის ეტაპზე. ნიკანორ მელიას მიმართ წარდგენილი ბრალდების შესაბამისი საკანონმდებლო სტანდარტი არაერთხელ განიხილა სასამართლომ. სასამართლომ არაერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს ერთი მხრივ დასაბუთებული ვარაუდი მის მიერ დანაშაულის ჩადენისა, მეორეს მხრივ ალბათობის მაღალი ხარისხითაც შედარებით უფრო მაღალი ხარისხი არის მტკიცებულების სტანდარტთან მიმართებით. საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება, არაერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკანორ მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობასა და ამ ქმედებების ორგანიზებას, რომელიც საბოლოო ჯამში პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. ეს არის მტკიცებულების სტანდარტი, რომელიც უტყუარად ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენასა და ყველა ეს მტკიცებულება სასამართლოს წინაშე გამოკვლეული იქნება", — განაცხადა გულუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყო. ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, თავად მელია სხდომაზე არ დაუშვეს.

გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ დღეს დააყენებენ შუამდგომლობას მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ. ადვოკატის განმარტებით, კანონის მიხედვით, მოსამართლეს აქვს ვალდებულება, აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს არაუგვიანეს 17 აპრილისა. თუმცა ჯერ უცნობია, მოხდება თუ არა ეს დღეს.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.