პოლიციამ დაბა წყნეთში მამის მკვლელობაზე შვილი დააკავა. 1989 წელს დაბადებულ კაცს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 6 აპრილს, წყნეთში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას — 1961 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.