ბლოკი ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია — ძალა ერთობაშიას წევრი და უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ადგილას აქამდე მილიონობით ვაქცინა ექნებოდა შემოტანილი და მოსახლეობაც სრულად აცრილი იქნებოდა.

TV პირველის ეთერში მას ჰკითხეს, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში მდგომარეობა და რას იზამდა ასეთ ვითარებაში, პანდემიისას ან რა ინიციატივას დააყენებდა პარლამენტში რომ ყოფილიყო, რაზეც მან უპასუხა:

"პარლამენტში გინდ ყოფილხარ, გინდ — არა. რა მნიშვნელობა აქვს, ინიციატივა, ინიციატივაა. ასეთ მარტივი არ არის. პირველი, ეს არის ხანძრების ჩაქრობის მოკლევადიანი გეგმა. ეს არის პანდემიასთან ბრძოლის გეგმა. მე დავაჩქარებდი ვაქცინაციას. აქამდე უკვე გაკეთებული მექნებოდა და შემოტანილი მექნებოდა მილიონობით დოზა ვაქცინა და სრულად დავასრულებდი ჩემი მოსახლეობის ვაქცინაციას".

ოქრიაშვილის ვარაუდით, ქვეყანაში უკვე მილიონამდე ადამიანს ექნება გადატანილი კოვიდი, ამიტომ დარჩენილ 2 მილიონს აცრიდა. გარდა ამისა, რომ დღეში 20-30 ათასი ადამიანის აცრა მიღწევადი რეალობაა, რის შემდეგაც ის საზღვრებს გახსნიდა.

დეპუტატს ჰკითხეს, მოხსნიდა თუ არა ის კომენდანტის საათს, რაზეც განაცხადა, რომ ეს შეზღუდვა არც ახლა უნდა არსებობდეს და მისი მიზანი პროტესტისთვის ბარიერის შექმნაა.

NCDC-ის ინფორმაციით, 7 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად აიცრა 14 207 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი — 1363.

StopCov-ის მონაცემებით, ქვეყანაში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 285 645 შემთხვევა, ბოლო 24 საათში — 687.