საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დონბასში მიმდინარე მოვლენებზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას ესაუბრა. ამის შესახებ ორივე მათგანი ტვიტერზე წერს.

"გამოვხატე შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ამასთან, გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და უკრაინაში ოკუპაციის ფონზე არსებული სიტუაციის შესახებ და ყურადღება გავამახვილეთ ვითარების დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე", — წერს ზალკალიანი.

"მადლიერნი ვართ საქართველოს ძლიერი სოლიდარობისა და მზადყოფნისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ უკრაინის მიმართ საერთაშორისო კონსოლიდაციის მიმართულებით", — აღნიშნულია კულებას განცხადებაში.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარდარსალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის. ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი ტარანს დაუდასტურა მხარდაჭერა და დაგმო რუსული პროვოკაცია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ესკალაციის შემთხვევაში აშშ უკრაინას არ მიატოვებს.