სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეს თავში რაცია რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც მოქალაქემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, რომ შემთხვევა 2020 წლის 4 დეკემბერს მოხდა — დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროს ინსპექტორს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და მის სარგებლობაში არსებული ხელის რადიოსადგური, ე.წ. რაცია რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 8 დეკემბერს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მიმართა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამბობენ, რომ გატარეს ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოკითხეს 20-მდე მოწმე, ამოიღეს დანაშაულის იარაღი, გამოითხოვეს ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე, ჩაატარეს სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები.

მათივე ცნობით, დღეს, 7 აპრილს პროკურატურამ დაცვის პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსისი 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით.