ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მესამე ტალღა საქართველოში ჯერ არ არის, თუმცა მისი "აჩრდილი მოჩანს" ევროპის ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები ფიქსირდება.

"გუშინ უფრო პესიმისტურად ვიტყოდი. დღეს ის, რომ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. მესამე ტალღა სიგნალებს გვიგზავნის ევროპის ქვეყნებიდან — საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, თურქეთი, სადაც ფიქსირდება მათი ისტორიული მაქსიმუმები და ვწუხვართ, ჩვენი ადამიანები გვსაყვედურობენ მინიმალურ შეზღუდვებზე. გასაგებია, ყველას თავისი თავი აინტერესებს და არა ის, საფრანგეთში რა ხდება ან ბელგიაში, მაგრამ იზოლირებულ სამყაროში არ ვართ, ამიტომ უნდა შევადაროთ თავი, რა ხდება ევროპაში და ამერიკაში", — თქვა მან.

ბოლო რამდენიმე დღეა საკოორდინაციო საბჭოს წევრები, მთავრობის წარმოამდგენლები და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები ქვეყანაში მესამე ტალღის საშიშროებაზე საუბრობენ. თავის მხრივ, მათი განცხადებები ეხება შესაძლო შეზღუდვებს.

1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ კლასტერები გამრავლდა, სააღდგომოდ შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა გახდება საჭირო.

გაიგეთ მეტი: